
რევაზ სოხაძე - თბილისის შემოვლითი გზა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას მნიშვნელოვნად გააძლიერებს
4 აგვისტო 2026„დღეს ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ფინანსური რესურსის გამოყოფას თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის. საუბარია მეოთხე და მეხუთე ლოტების, დაახლოებით 19-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე. ეს პროექტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას, დააკავშირებს აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს და, ამასთან, გააუმჯობესებს თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. შემოვლითი გზა ყოველდღიურად მოემსახურება თბილისელებსაც” - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სასესხო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა ლესლი ბეარმან ლაჰმმა.
ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, თავმჯდომარის მოადგილე სალომე წურწუმია, ასევე ფინანსთა სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.
პროექტი ითვალისწინებს თბილისის შემოვლითი გზის დაახლოებით 18.9-კილომეტრიანი, ოთხზოლიანი, გამყოფი ზოლით აღჭურვილი ავტომაგისტრალის მშენებლობას. დაფინანსება მოხმარდება ორი მონაკვეთის - მეოთხე ლოტის (თბილისის აეროპორტი-ლოჭინი) და მეხუთე ლოტის (ლოჭინი-რუსთავი) განხორციელებას.
თბილისის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის (E60) მნიშვნელოვანი ნაწილია და ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტია. მისი დასრულება მნიშვნელოვნად შეამცირებს დედაქალაქის სატრანსპორტო დატვირთვას, გააძლიერებს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას და უზრუნველყოფს სწრაფ და უსაფრთხო კავშირს ქვეყნის ძირითად სატრანსპორტო მიმართულებებს შორის.
მეოთხე ლოტი დაახლოებით 8.7 კილომეტრის სიგრძისაა და თბილისის შემოვლით გზას ლოჭინის სატრანსპორტო კვანძთან დააკავშირებს. მეხუთე ლოტი 10.2-კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს, რომელიც E60 საერთაშორისო ავტომაგისტრალს (აზერბაიჯანის მიმართულება) კახეთის გზატკეცილთან დააკავშირებს. შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გადაადგილება რუსთავის, თბილისის აღმოსავლეთი ნაწილის, საერთაშორისო აეროპორტისა და ახალი ინდუსტრიული ზონების მიმართულებით.
რევაზ სოხაძის განცხადებით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სატრანზიტო ნაკადების ზრდას, მგზავრობის დროის შემცირებას, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნების გამტარუნარიანობის გაზრდას.
„ინფრასტრუქტურის სამინისტრო აგრძელებს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას. მალე დაიწყება ანაკლიის გზისა და სამტრედია-ზუგდიდის ახალი მაგისტრალის მშენებლობა. მომავალ წელს დავიწყებთ ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული სატრანსპორტო დატვირთვის შესამცირებლად. მიმდინარეობს ტენდერი რუსთავი-წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით დამაკავშირებელ გზაზეც. აქტიურად გაგრძელდება კახეთის მიმართულების განვითარება. დაიწყება ბადიაური-ბაკურციხისა და შემდგომ ბაკურციხე-გურჯაანი-თელავის მონაკვეთების მშენებლობა. ჩვენ ვახორციელებთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და დარწმუნებული ვართ, რომ მათი შედეგებით საქართველოს მოსახლეობა უახლოეს წლებში რეალურად ისარგებლებს” - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
